English / ქართული / русский /
მარია ზუბიაშვილინინო მღვდელაძე
ფინანსური მენეჯერის და ბუღალტრის თანამდებობრივი განსხვავებები

ანოტაცია.სტატია ეძღვნება საწარმოში ფინანსური მენეჯერის და ბუღალტრის საქმიანობებს შორის განსხვავებას. აღნიშნულია როგორც ბუღალტრის, ასევე ფინანსური მენეჯერის შესასრულებელი ფუნქციები და მოვალეობები.

მსჯელობით მივედით დასკვნამდე, რომ მიუხედავად მათ შესასრულებელ ფუნქციებს შორის განსხვავებისა, ბუღალტერს თავისი ცოდნიდან და გამოცდილებიდან შეუძლია შეასრულოს ორივე სამუშაო, მაგრამ ეს იქნება დაკავშირებული გარკვეულ სირთულეებთან, რაც ვერ უზრუნველყოფს ხელმძღვანელობის სრულყოფილად ინფორმირებას. ამდენად, აუცილებელია საწარმოში კვალიფიციური და სპეციალურად მომზადებული ფინანსური მენეჯერის არსებობა. 

შესავალი    

ფინანსური მენეჯმენტი, როგორც მეცნიერება, აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში. ეკონომიკურ ლიტერატურაში განიმარტება შემდეგნაირად: „ფინანსური მენეჯმენტი არის ორგანიზაციის ფულადი ურთიერთობების და ფულადი რესურსების მართვის სისტემა“ [1].

მარტივად რომ ვთქვათ, ფინანსური მენეჯმენტი არის მეცნიერება საწარმოს ფინანსური რესურსების ეფექტურად მართვის შესახებ. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე მისი სამეურნეო პრაქტიკაში შემოღების აუცილებლობა გამოიწვია ბაზარზე საწარმოთა არსებულმა მდგომარეობამ. საჭირო გახდა საწარმოში ფინანსური მენეჯმენტის და, შესაბამისად, ფინანსური მენეჯერის თანამდებობის შემოღება. 

* * *

მენეჯერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ბაზარზე საწარმოს გადარჩენა. საწარმომ უნდა გამოიმუშაოს ფული, რისთვისაც საჭიროა ფინანსების მოზიდვა სხვადასხვა წყაროებიდან. ამასთანავე,  წყაროს შერჩევა უნდა მოხდეს გონივრულად და ყველა რისკის გათვლით. ასევე, მნიშვნელოვანია აქტივების ეფექტურად მართვა, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს გადარჩენას და მოგების მიღებას.

პრაქტიკაში კი, ხშირ შემთხვევაში, საწარმოებში ფინანსურ მენეჯერს აიგივებენ ბუღალტერთან (მთავარ ბუღალტერთან). აქ აუცილებელია დავსვათ კითხვა - განა ბუღალტერი და ფინანსური მენეჯერი ერთნაირ ფუნქციებს ასრულებენ? მათი მიზნები და ამოცანები ერთნაირია? საწარმოს ხელმძღვანელი მათგან ერთი და იმავეს მოითხოვს?

პრაქტიკულად ეს ორი პროფესია ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შესასრულებელი ფუნქციებით, დასახული მიზნებით, ამოცანებით და, რაღა თქმა უნდა, მათ მიმართ საწარმოს ხელმძღვანელის მოთხოვნებით. სამწუხაროდ, პრობლემა ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელი ვერ ხედავს განსხვავებას ბუღალტერსა და ფინანსურ მენეჯერს შორის და ბუღალტერს ტვირთავს იმ ვალდებულებებით, რომლებიც მისთვის არ არის ჩვეული და რომელიც უნდა შეასრულოს ფინანსურმა მენეჯერმა.

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტეთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ შემუშავებული ბუღალტრის თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, ბუღალტრის შესასრულებელი ფუნქციებია [2]:

-         ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება;

-         სააღრიცხვო პოლიტიკის ფორმირება და მისი განხორციელების ღონისძიებების ჩამოყალიბება;

-         ხელფასზე ანგარიშსწორების დოკუმენტების მომზადება, გადასახადების დარიცხვა, დაკავება და გადარიცხვა. საბალანსო ოპერაციების წარმოება;

-         თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ტექნოლოგიების დანერგვა;

-         საბუღალტრო დოკუმენტების დროული და სწორად შედგენის კონტროლი.

    ამავე ინსტრუქციით ბუღალტერს ევალება:

     საწარმოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია, მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების გამოყენება, საკუთრების არსებობის კონტროლი; ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის ჩამოყალიბება; ქონების, ვალდებულებების, მიღებული ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი სახსრების აღრიცხვა, საფინანო-საკრედიტო ოპერაციების აღრიცხვა, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშებში მათი დროული ასახვა; პირველადი საბუღალტრო დუკუმენტების შედგენის სისწორის, მოთხოვნებისა და ვალდებულებების დაფარვის დროულობის გაკონტროლება, ხელფასების დარიცხვა და ანგარიშსწორება, ინვენტარიზაციის ჩატარება; დანაკლისებზე, ფულადი სახსრების და მარაგის არამიზნობრივ ხარჯვაზე, ფინანსური დარღვევების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება; გადასახადების სწორად დარიცხვა და გადახდის გაფორმების კანონიერების, დროულობის და სისწორის უზრუნველყოფა; ანგარიშთა გეგმის, პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების, შიდა ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების შემუშავება; ბუღალტრული აღრიცხვის დამუშავების ტექნოლოგიის დაცვა; ბუღალტრული ინფორმაციის სრულად, დროულად და სამართლიანად მომზადება და წარდგენა და ა.შ.

                   ფინანსური მენეჯერის ფუნქციებია [3]:

  1. საწარმოში ფინანსური საქმიანობის ორგანიზაცია;
  2. კაპიტალის დაბანდების პროგნოზებისა და გეგმების შემუშავება, რისკის დონის გათვალისწინებით ინვესტირების სხვადასხვა ვარიანტების და მიღებული შემოსავლების შეფასება, ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა;
  3. პერსპექტიული და მიმდინარე ფინანსური გეგმების შემუშავება, დამტკიცებული გეგმური ფინანსური მაჩვენებლების და ნორმატივების დაყვანა შესაბამის განყოფილებამდე, სამსახურამდე და საამქრომდე;
  4. დამტკიცებული ფინანსური გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  5. საწარმოს ბიზნესგეგმის ფინანსური ნაწილის შემუშავება;
  6. საკრედიტო პოლიტიკის გატარება ;
  7. მყიდველებსა და მომწოდებლებთან ანგარიშსწორების მიზანშეწონილი ფორმების დანერგვა;
  8. საფინანსო დოკუმენტების ფორმირება;
  9. ფინანსური ოპერაციების განხორციელება;
  10. სამეურნეო ხელშეკრულებებში და ფინანსური პირობების მიღებაში მონაწილეობა;
  11. საწარმოს ფინანსური მდგომარეობის და ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი;
  12. ფირმის ძირითადი და საბრუნავი კაპიტალის გამოყენების გაუმჯობესების, ხარჯების შემცირების ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  13. გეგმური ფინანსური მაჩვენებლების შესრულებაზე კონტროლი.

     გარდა ზემოჩამოთვლილისა, ფინანსურმა მენეჯერმა თვალყური უნდა ადევნოს ეროვნულ და საერთაშორისო ბაზარზე შექმნილ სიტუაციას, რათა შეძლოს, საქმიანობის ოპტიმიზაციისათვის დროულად მიიღოს საჭირო ფინანსური გადაწყვეტილებები.

ფინანსური მენეჯერისაგან ელიან კომპანიის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ უტყუარ ინფორმაციას, მომავლის პროგნოზს და მოქმედების გეგმას, რომლითაც საწარმო მომავალში მიაღწევს წარმატებას.

ბუნებრივია, ბუღალტერს არ შეუძლია ამ მიმართულების კოორდინირება. მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტერი ფლობს ყველა პირველად მონაცემს, რის საფუძველზეც იგი აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო ორგანოებს და კომპანიის ხელმძღვანელობას, მას აქვს პირველადი მონაცემებით ოპერირების კარგი უნარი, აქვს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა, კარგად ერკვევა მასში, თუმცა საწარმოს ფინანსური მდგომარეობის პროგნოზირება, პირველადი მონაცემების დამატებითი დამუშავება და ანალიზის სპეციალური მეთოდიკის ცოდნა, ფინანსური მენეჯერის შესასრულებელი ფუნქციებიდან გამომდინარე, სცილდება ბუღალტრის კომპეტენციებს [4].

როგორც ირკვევა, ბუღალტერსა და ფინანსურ მენეჯერს შორის განსხვავება მდგომარეობს მათ პროფესიულ კომპეტენციებში. ბუღალტერი პირველადი მონაცემებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს საბუღალტრო და საგადასახადო ანგარიშებს. აღნიშნულ დოკუმენტებში წარმოდგენილი ციფრები არის მიმდინარე პერიოდის განმავლობაში საწარმოს საქმიანობის შედეგები, ე.ი. გუშინდელი ციფრები. ამ მონაცემების საფუძველზე კომპანიის მომავალი ფინანსური მდგომარეობის პროგნოზირება საჭიროებს მათ დამატებით დამუშავებას და ანალიზის ჩატარების სპეციალურ მეთოდიკას, რომელთა ცოდნა არ შედის ბუღალტრის კომპეტენციაში.

ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დილემა დამტკიცებულია. დინამიურად განვითარებად საბაზრო ეკონომიკის პირობებში მომუშავე საწარმოთა ფინანსური მენეჯერის და ბუღალტრის ფუნქციები უნდა იყოს გამიჯნული. ერთ ადამიანს თეორიულად შეუძლია შეასრულოს ორივე სამუშაო, მაგრამ ეს მისთვის საკმაო სირთულეებთან იქნება დაკავშირებული და ვერ უზრუნველყოფს, ხელმძღვანელმა მიიღოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია. [5] 

დასკვნა

ამრიგად, საწარმოს საფინანსო საქმიანობაში სამი მიმართულება გამოიყოფა: ბუღალტრული აღრიცხვა და გადასახადები; მმართველობითი აღრიცხვა და ბიუჯეტირება; საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და მისი საქმიანობის დაფინანსება. ასე რომ, იდეალურად შეიძლება დავასახელოთ ამ მიმართულებების მართვის შემდეგი სქემა: ბუღალტერი დაკავებულია ბუღალტრული აღრიცხვით და გადასახადებით; დაგეგმვას, აღრიცხვას და კონტროლს თავის თავზე იღებს ფინანსური მენეჯერი, ხოლო ფინანსური დირექტორი მართავს მთელი საწარმოს ფინანსურ სახსრებს, რომლის საფუძველიც არის ბუღალტრის და მენეჯერის მიერ მოწოდებული მონაცემების ანალიზი. ხშირად კომპანიებში არ არის გამოყოფილი ფინანსური მენეჯერის ფუნქციები, ამდენად ფინანსური დირექტორი მუშაობს ორი მიმართულებით, თუმცა ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ბუღალტრის და ფინანსისტის ფუნქციების ერთმანეთისაგან გამოყოფა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Голубев А.А. Финансовый менеджмент. Учеб.пособ. СПАб.: СПб НИУ ИТМО, 2013 – 130 с.
  2. საიტი: www. gfpaa.ge sitefiles გადამოწმებულია 01.05.2019.
  3. საიტი: https:medocx.ru4-46219.html გადამოწმებულია 01.05.2019.
  4. თეთრუაშვილი მ., თეთრუაშვილი ი., ფინანსური მენეჯმენტი, დამხმარე სახელმძღ., გორი 2007, 144 გვ.
  5. ცაავა გ., ბიწაძე ბ., ლიპარტია ზ., ფინანსური მენეჯმენტი, თბ., აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა,  2006, 992 გვ.